გიორგი რურუას გათავისუფლებაზე შუამდგომლობა მოსამართლემ კვლავ არ დააკმაყოფილა

პუბლიკა

„მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა ისევ პატიმრობაში რჩება. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა რურუასთვის აღკვეთის შეცვლაზე არ დააკმაყოფილა.

გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება იყო, ე.წ. 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი პირობა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციის თქმით, საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებებში მათი მონაწილეობისთვის გიორგი რურუაც უნდა გათავისუფლებულიყო.

პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით უყრის კენჭს კონსტიტუციაში ცვლილებებს. ოპოზიცია, ე.წ. 8 მარტის შეთანხმების სრულად შეუსრულებლობის გამო კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ამბობს. პარლამენტის წინ ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს, სადაც სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებისგან, ე.წ. 8 მარტის ხელშეკრულების სრულად შესრულებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვს.