აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 1 ოქტომბრიდან გიორგი ზაქარაშვილი იქნება. ინფორმაციას მისი დანიშვნის შესახებ საგარეო უწყება ავრცელებს.
„გიორგი ზაქარაშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
2021 წლიდან დღემდე იყო უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. 2016-2019 წლებში მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე, ხოლო 2012-2016 წლებში იყო უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
სხვადასხვა დროს გიორგი ზაქარაშვილს ასევე ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობები” – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების თქმით, გიორგი ზაქარაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.