გირაოს თანხის არგადახდა პატიმრობის გამოყენების საფუძველი ვერ გახდება - მელიას ადვოკატი

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო სხდომა იწყება.

სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მიაჩნიათ, რომ რაიმე სახის აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება არ არის.

„ჩვენ წარვადგენთ შესაბამის არგუმენტებს. მიგვაჩნია, რომ პატიმრობაზე საუბარი ზედმეტია, მაშინ, როდესაც აღმკვეთი ღონისძების საფუძვლები და არანაირი რისკები არ არსებობს, არ არსებობს არანირი მიმალვის რისკი, არ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი ან მტკიცებულებათა განადგურების რისკი.

ამ ფონზე თუნდაც ფორმალურად გირაოზე გირაოს თანხის სიმბოლურად არგადახდის შემთხვევაში სასამართლო ნამდვილად მოკლებულია შესაძლებლობას კანონის მიზნებიდან გამომდინდარე ნიკა მელიას დღეს შეუფარდოს დაპატიმრება.

გირაოს თანხის ვერგადახდა ვერ გახდება პატიმრობის გამოყენების საფუძველი, თუ მასთან ერთად სასამართლო არ დაადასტურებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომ არის რისკი მიმალვის ან ახალი დანაშაულის ჩადენის, ასეთო ვარაუდი არ არსებობს”, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

ნიკა მელიას საქმე:

12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით – პატიმრობისთვის სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის თაობაზე პარლამენტს მიმართა.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. მას აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო და ასევე დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.

ნიკა მელიამ პირველ ჯერზე გირაოს თანხა შეიტანა. თუმცა, 1 ნოემბერს, აქციაზე პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. იმის გამო, რომ მან ამით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები, პროკურატურამ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.

სასამართლომ გირაო გაამკაცრა და ის 40 000 ლარით, 70 000 ლარამდე გაიზარდა. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 დღე. სწორედ ამ გირაოს გადახდაზე განაცხადა უარი ნიკა მელიამ.

შესაბამისად, ბრალდების მხარემ 12 თებერვალს აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მას აქვს ვალდებულება, რომ ამ ჯერზე სასამართლოს კიდევ უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. ამისთვის კი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაა საჭირო.