გონივრული მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს მოთხოვნას - პროკურორი მელიას საქმეზე

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა.

დღეს, 16 საათზე ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს სხდომაა ჩანიშნული. სხდომას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი წაიყვანს. სასამართლო სხდომაზე პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხს დააყენებს.

გუშინ პარლამენტმა ნიკა მელიასთავის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

„პროცედურულად, ბუნებრივია, სასამართლოს აქვს ალტერნატივა გაიზიაროს ერთი ან მეორე მხარის პოზიცია და შესაბამისად, როგორც ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ისე ნებისმიერ საქმეზე დააკმაყოფილოს ან არ დააკმაყოფილოს შუამდგომლობა, თუმცა, ეს დამოკიდებულია მხარეების პოზიციაზე. ჩვენი პოზიციაა, რომ შეიცვალოს უფრო მკაცრი ღონისძიებით.

სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას უმთავრესად შებოჭილია მხარეების პოზოციით. ჩვენი პოზიცია ცნობილია, რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათ საბოლოო პოზოციას სასამართლოს სხდომაზე მოვისმენთ.

რაც შეეხება აღსრულების მექანიზმს, თუ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს მოთხოვნას, რისი გონივრული მოლოდინიც გვაქვს, აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით, არის ძალიან მარტივი მოცემულობა. არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც დაევალებათ აღსრულება. როგორც წესი, მსგავსი გადაწყვეტილებები დროის უმოკლეს ვადაში უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

ნიკა მელიას საქმე:

12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით – პატიმრობისთვის სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის თაობაზე პარლამენტს მიმართა.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. მას აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო და ასევე დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.

ნიკა მელიამ პირველ ჯერზე გირაოს თანხა შეიტანა. თუმცა, 1 ნოემბერს, აქციაზე პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. იმის გამო, რომ მან ამით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები, პროკურატურამ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.

სასამართლომ გირაო გაამკაცრა და ის 40 000 ლარით, 70 000 ლარამდე გაიზარდა. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 დღე. სწორედ ამ გირაოს გადახდაზე განაცხადა უარი ნიკა მელიამ.

შესაბამისად, ბრალდების მხარემ 12 თებერვალს აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მას აქვს ვალდებულება, რომ ამ ჯერზე სასამართლოს კიდევ უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. ამისთვის კი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაა საჭირო.