„გირჩი“ და „მოქალაქეები“ რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას არ უერთდებიან

პუბლიკა

საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე იაგო ხვიჩია და ლევან იოსელიანი არ უერთდებიან. იაგო ხვიჩიას თქმით, რიგგარეშე სესიის მოწვევაზე დოკუმენტს მისი ხელმოწერა არ ექნება, რადგან ჯერ სამუშაო ბევრია.

„სწორია ჯერ ლაპარაკი, რაღაცაზე შეთანხმება და შემდეგ სხდომაზე ამის გაფორმება. როცა იწვევ სხდომას, როცა არავისთან გილაპარაკია, მათ შორის, არც ოპოზიციასთან, არავისთან გაქვს კარგი ურთიერთობა და კონსენსუსი, საჯაროდ ისიც კი არ გითქვამს, რა გინდა მართლა გულწრფელად და ამ დროს ითხოვ სხდომის მოწვევას, რომელზეც ან „კის“ გეტყვიან ან „არას“, „კიც“ რომ გითხრან, არ იცი, იქ რა უნდა გააკეთო. მე რამდენი ხანია, არ ვბრაზობ ჩემს კოლეგებზე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ლევან იოსელიანის თქმით, მოწვევის მოთხოვნას ისიც კონკრეტული მიზეზის გამო არ აწერს ხელს.

„რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ მოთხოვნას ხელს არ ვაწერ კონკრეტული მიზეზის გამო – საკითხები, რომლებიც ოპოზიციის ნაწილის მიერ არის მოთხოვნილი, არ არის მომზადებული იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება იყოს მიღებული. კონკრეტული პარტიების მიერ დაინიციირებული კანონპროექტებია და ყველას გვესმის, რომ მას საერთო მხარდაჭერა არ ექნება, თუ წინასწარ არ იქნება შეთანხმება. ეს შეთანხმება არ ყოფილა პარტიებს შორის. ცვლილებების მიღებას მმართველი პარტიის მხარდაჭერა სჭირდება“, – ამბობს ლევან იოსელიანი.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი რიგგარეშე სესიის დანიშვნას ითხოვს და ამბობს, რომ რიგგარეშე სესია დეპოლარიზაციისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი იქნება. საპარლამენტო ოპოზიცია რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მათ მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი 12 მიმართულებიდან სამს ეხება.

„ჩვენ მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი ეხმიანება 12 შესასრულებელი წინაპირობიდან სამ მიმართულებას (აღმოიფხვრას პოლიტიკური პოლარიზაცია, უზრუნველყოფილი იქნას სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ელიტური კორუფციის გამოძიების შემთხვევები). ჩვენ მიერ დღის წესრიგში დაყენებული ოთხივე საკითხი უკვე ინიციირებულია საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება 19 აპრილის სულისკვეთებას, განხილულია და შეთანხმებულია არასამთავრობო სექტორთან და მიღებული აქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასება“ , – ვკითხულობ განცხადებაში.

ხელმომწერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი არ თქვან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე. რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე ოპოზიციის მოთხოვნას უკვე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი ალუდა ღუდუშაური.

„რიგგარეშე სხდომაზე არაფერი სამუშაო პროცესი არ იქნება წარმართული, ეს იქნება საცირკო წარმოდგენა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ“, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ ოპოზიციის ინიციატივას ეხმაურება.

 

LB loan image desktop LB loan image mobile