„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით თბილისში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

პუბლიკა

თბილისში, უკრაინის საელჩოსთან პოლიტიკური პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს, რომელსაც შეურთდა პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ წარმომადგენლებიც. ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, აქციას შეუერთდა უკრაინის ელჩიც.

მისივე განცხადებით, ის რეაგირება, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას, არის ფორმალური ხასიათის; ხელისუფლება ეწევა „რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას“, რაც, ჯაფარიძის შეფასებით, სამწუხაროა.

„ჩვენც და უკრაინაც მეგობრები მეგობრებად ვართ, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორებიც ვართ იმ თვალსაზრისით, რომ ორივე მივდივართ დასავლეთისკენ, თავისუფალი სამყაროსკენ; ორივეს გვინდა, გავხდეთ ნატოსა და ევროკავშირის წევრი და პირველ რიგში იმის გამო, რომ ჩვენი მისწრაფებები მიდის დასავლეთისკენ, ჩვენ გვაქვს პრობლემები რუსეთთან. როცა გვიჭირდა, უკრაინა ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა და ყოველთვის, როცა უკრაინას უჭირს, ჩემი აზრით, ეს ქვეყანა არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ გულწრფელად უნდა დაუდგეს უკრაინას გვერდით, იმიტომ, რომ მართლაც ძალა ერთობაშია, როგორც ეს ჩვენს გერბზე აწერია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„გაბრაზებული ვარ ჩვენს მთავრობაზე, ხმას არ იღებს ამ თემაზე, ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, დონბასი, ყირიმი, ლუგანსკი, დონეცკი არის უკრაინაში, ისევე როგორც – აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველო“, – განუცხადა აქციის მონაწილემ, ბესარიონ ჯღარკავამ „რადიო თავისუფლებას“.

„დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ რაც უკრაინაში ხდება, რეგიონისა და მსოფლიოს საერთო პრობლემაა.

„მნიშვნელოვანია მკაფიო, აქტიური პოზიციონირება. მთავრობა ერიდება მკაფიო და აქტიურ პოზიციას, შესაბამისად, ჩვენი – როგორც ოპოზიციის, ისე სამოქალაქო სექტორის ვალია, ეს პოზიციონირება მოვახდინოთ და ამ მხრივ ეს აქცია და სხვა ინიციატივები გახდება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.