„გირჩი“: თქვენი დამსახურებით ქვეყნის გადარჩენის სერვისი აგრძელებს მუშაობას

პუბლიკა

ცესკოს პირველადი მონაცემების გავრცელების შემდეგ „გირჩმა“ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა:

„დიდი მადლობა ყველა ჩვენ ამომრჩეველს. საუკეთესოები ხართ. თქვენი დამსახურებით, ქვეყნის გადარჩენის სერვისი აგრძელებს მუშაობას“, – დაწერა გირჩმა.

23:30-ის მონაცემებით, დათვლილია საარჩევნო უბნების 99.48% – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 71.58% მიიღო (214 575 ხმა).

ცესკოს პირველადი მონაცემებით, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ 12.43% აიღო (37 257 ხმა), „გირჩის“ მერობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ კი – 7.51% (22 535 ხმა).

რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს: თეიმურაზ ბოკელავაძე („მამული, ენა, სარწმუნოება“) – 0.763%; ზურაბ მახარაძე („კონსერვატორები საქართველოსთვის“) – 4.122%; კახა კუკავა („თავისუფალი საქართველო“) – 1.471%; ოთარ ჭითანავა („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) – 0.884%; გიორგი ლილუაშვილი („საქართველო“) – 0.447%; გიორგი გაჩეჩილაძე („მწვანეთა პარტია“) – 0.776%.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის 1 იანვრის მონაცემებით, თბილისში 1 282 574 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 1 043 482 ადამიანს ხმის მიცემის უფლება აქვს.