გლდანის დაწესებულების საკარანტინო სივრცეში ორ ბრალდებულს covid-19 დაუდასტურდა

პუბლიკა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით,  covid-19 დაუდასტურდა ორ ბრალდებულს, რომლებიც საკარანტინო სივრცეში, დაწესებულების დანარჩენი კონტინგენტისგან იზოლირებულად იმყოფებოდნენ.
“მოცემული პირები, როგორც ახალდაკავებული პატიმრები N8 დაწესებულების საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში იყვნენ განთავსებულები. პენიტენციურ სისტემაში 12 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად, ახალდაკავებული ბრალდებულები, რომლებიც მოთავსებულები არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ან მიმღები პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ PCR ტესტირებას გადიან და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება მათი დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან შერევა”. – ამბობენ პენიტენციურ სამსახურში.
მათ განცხადებით, სწორედ ასეთი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა ვირუსი ორ პირს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც მათზე ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით განხორციელდება, რათა არ იყოს კლინიკაში მათთან ერთად ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება.
“ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია”.- ნათქვამია განცხადებაში