GNCC-ის წევრობის კონკურსში ოთხი პირი მონაწილეობს, მათ შორის – კახა ბექაური

პუბლიკა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ოთხმა პირმა გამოთქვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შესაბამისი განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში კახა ბექაურმა (კომისიის მოქმედი თავმჯდომარე), მაია მეცხვარიშვილმა (სტუდია „მონიტორის“ რედაქტორი), მარიამ სულაბერიძემ (კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომელი) და ივანე მახარაძემ (კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომელი) წარადგინეს.

საბუთების მიღების ვადა 15 ნოემბერს ამოიწურა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ-ერთ წევრს 2020 წლის 24 იანვარს ეწურება უფლებამოსილების ვადა. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება ღია კონკურსის ჩატარების შესახებ. მთავრობის 2019 წლის 17 ოქტომბრის #2164 განკარგულების თანახმად, 2019 წლის 17 ოქტომბრიდან გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა – მმართველ თანამდებობაზე.