GNCC - „მთავარი არხი“ ეთერში პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში განთავსებისთვის დაჯარიმდა

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ არაწინასაარჩევნო პერიოდში ეთერში განთავსებული პოლიტიკური რეკლამის გამო  2500 ლარით დააჯარიმა.

საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის შესახებ „მთავარი არხის“ ეთერში 2019 წლის 19 დეკემბრიდან გასულ ვიდეორგოლებს.

კომისიის ცნობით, მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, რაც „მთავარი არხის“ მხრიდან დარღვეულია.

„6 თებერვალს გამართულ სხდომაზე „მთავარი არხის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, საეთერო ბადიდან აღნიშნული რეკლამები უკვე ამოღებულია. კომისიის მხრიდან მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ პოლიტიკური რეკლამები მაუწყებლის საეთერო ბადიდან არა კომისიის მიერ მიცემულ ვადაში, არამედ 23 დღის შემდეგ – 5 თებერვალს იქნა ამოღებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომისიის ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ „მთავარი არხის“ ბადიდან აღნიშნული ვიდეორგოლები უკვე ამოღებულია, კომისიამ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა და მაუწყებელს განმეორებით ჩადენილი კანონდარღვევის გამო, კანონით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალური ოდენობა – 2500 ლარი დააკისრა.