GNCC მობილურ კომპანიებს ყალბი სმს-ების შეზღუდვას თხოვს

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისია მიმართავს ყველა მობილურ ოპერატორს არ დაუშვან კორონა ვირუსთან დაკავშირებით მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი სმს შეტყობინებების გავრცელება.

კერძოდ, კომისიამ  ყველა ავტორიზებულ პირს მისცა მითითება დაუყონებლივ  შეუზღუდონ სმს  (A2P)  შეტყობინებების გავრცელება არაავტორიზებულ პირებს, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ მობილური ოპერატორების სერვისით და საზოგადოებას შეცდომაში შემყვან ინფორმაციას აწვდიან.

„16 მარტს, საქართველოს მთავრობამ კორონა ვირუსთან დაკავშირებით გაუგზავნა მთელი საქართველოს მოსახლეობას რეკომენდაციები და ინფორმაცია შემდეგი  შეტყობინებების სახით: „MTAVROBA: დაიცავთ პირადი ჰიგიენა, აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან, განსაკუთრებით სიფრთხილე მათ, ვინც 60 წელს გადაცილებულია, საჭიროებისას დაიცავით თვითიზოლაციის წესები, მაღალი სიცხისას და ხველებისას მიმართეთ ექიმს. გისურვებთ ჯანმრთელობას. www.stopcov.ge www.moh.gov.ge, გადაუდებელი დახმარება 112.“ აღნიშნული სმს გაგზავნით ბოროტად ისარგებლეს დაინტერესებულმა პირებმა და ამ სმს გავრცელებიდან, დაახლოებით 2 საათში ადგილი ჰქონდა ორი ყალბი სმს შეტყობინების გავრცელებას. დაინტერესებული პირების მიერ მოხდა მთავრობის სახელით ფეიკ შეტყობინების გავრცელება, ოდნავ მოგვიანებით კი, ანალოგიურად ყალბი  შეტყობინება გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს სახელით. სმს-ების გამავრცელებლის მიზანს საზოგადოების კიდევ უფრო დაძაბვა და მათი შეცდომაში შეყვანა წარმოადგენდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირების მიერ არ მოხდება შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა, კომუნიკაციების კომისია მისი რეგულირების სფეროში შემავალი კომპანიების მიმართ, კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს ზომებს გაატარებს და საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციას შეუჩერებს  მათ.