გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

პუბლიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) მოსამართლედ აირჩიეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა.

„2020 წლის 18 დეკემბერს, რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის მე-19 სესიის ფარგლებში, ქ. ნიუ-იორკში გამართულ არჩევნებში, საქართველოს კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ იქნა არჩეული, 2021-2030 წლების ვადით.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა. მოსამართლის 6 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, საქართველოსთან ერთად 17 კანდიდატი იყო წარდგენილი სხვადასხვა რეგიონიდან: ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, ბურკინა-ფასო, კოლუმბია, კონგოს რესპუბლიკა, კოსტა- რიკა, ეკვადორი, საბერძნეთი, მექსიკა, მონღოლეთი, ნიგერია, სიერა-ლეონე, ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი, გაერთიანებული სამეფო და ურუგვაი“, – წერს დავით ზალკანიანი საკუთარ facebook  გვერდზე.

ზალკანიანმა პარტნიორ სახელმწიფოებს მხარდაჭესრითვის და  საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

18 დეკემბერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ მე-10 მოწვევის პარლამენტს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა წარუდგინა.