პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ აზარაშვილმა „ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა”, ხოლო მის დანიშვნამდე არსებული 9-წლიანი პერიოდი „დანაშაულებრივად გამოაცხადა”.
„ჯანდაცვის აწ უკვე გათავისუფლებულმა მინისტრმა „ქართული ოცნების” ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა. „აღარასოდეს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა“, – წერს თავის გამოსამშვიდობებელ განცხადებაში და მის მოხსნას „მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესებს” უკავშირებს. ფაქტობრივად, მის დანიშვნამდე არსებული ცხრაწლიანი პერიოდი დანაშაულებრივად გამოაცხადა.
შეიძლება, მისი შეფასება სწორიც იყოს, რომ არა ის ფაქტი, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევა, მის უკანა ეზოში პატარა კლინიკის ჩადგმა და დანარჩენი ტერიტორიის სამშენებლო მიზნებით გაყიდვა სწორედ ამ „მძლავრი დაჯგუფებების” ინტერესში შედიოდა. არც ახლა შეცვლილა არაფერი, რომელსაც თავადაც ლობირებდა. თუ ღარიბაშვილი ამბობდა, ჯერ დავანგრიოთ საავადმყოფო და მერე ავაშენოთ ახალიო, კობახიძე ამბობს, რომ ჯერ ავაშენოთ და მერე დავანგრიოთო.
ორივე მიდგომა გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კორპუსების ჩადგმას გულისხმობს, ე. წ. ინვესტორებისათვის ასეულ მილიონობით ლარის ჩაჯიბვას კოლაფსად ქცეული ქალაქის ინტერესების იგნორირების ხარჯზე. სკანდალური აღსარება გამოუვიდა ყოფილ მინისტრს და ყოფილ და ახალ პრემიერს შორისაც დაპირისპირებას ახადა ფარდა”, – წერს ის.
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დღეს ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. როგორც აზარაშვილი წერს, „მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად“, 2 წელი ინარჩუნებდა თანამდებობას. ფეისბუქ-პოსტში ზურაბ აზარაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე გადაუხადა მადლობა და თქვა, რომ სწორედ მისი მხარდაჭერით „გახდა შესაძლებელი სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემებისა და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება“.
ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას 2021 წლის 30 დეკემბრიდან იკავებდა. მაშინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ჯანდაცვის მინისტრობამდე 10 თვის განმავლობაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.
პოსტი მან 2024 წლის 29 თებერვალს დატოვა მას შემდეგ, რაც ახალი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე „ესაუბრა”.