გოგაშვილი მურუსიძეს: ჩემო მურუს, შენ თუ გინდა, ამას მუქარა დაარქვი, მე მხილებას ვეძახი

პუბლიკა

სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებას ეხმაურება.

ის ჰყვება, რომ ლევან მურუსიძე სახალხო პარტიის ვაკის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გაიცნო, 1995 წელს და მას შემდეგ მასთან ურთერთობა არ ჰქონია.

„ურთიერთობა აღდგა, რაც ჩინჩალაძე და მურუსიძე გარიგდნენ ივანიშვილთან. ჩინჩალაძის მოთხოვნით, კოორდინაცია დამყარდა სუსთან და მთავარი საკონტაქტო პირები „ოცნების“ სასარგებლოდ დავების გადაწყვეტის ნაწილში ვიყავით მე და მურუსიძე.

ინტერესის სფერო არ იყო მხოლოდ საარჩევნო დავები, რა თქმა უნდა ნებისმიერი შეკვეთა, რაც პარტიიდან მოდიოდა უნდა შეესრულებინათ. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი სამსახურიდან ჩინჩალაძესთან და მურუსიძესთან იგზავნებოდა ოპერატიული მასალაც მოსამართლეების შესახებ. ჩვენი შეხვედრები იმართებოდა ჩემს საცხოვრებელ სახლში, დიღომში სასამართლოსთან და ასევე იუსტიციის საბჭოსთან“, – წერს სოსო გოგაშვილი.

მისივე თქმით, ჩინჩალაძესა და მურუსიძეს კახეთში, კერძოდ, დედოფლისწყაროში აქვთ 100 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, რომელიც მისი დახმარებით შეიძინეს 2016 წელს.

„ნაკვეთები გაფორმებულია მათ სანდო პირზე, ხოლო ამ მიწის მოვლაში მათ სჭირდებოდათ მცოდნე ადამიანი, ვისი მოძებნაც მე მთხოვეს. მე ეს ადამიანი მათ დავაკავშირე. 2016 წლიდან ჩემს დაკავებამდე ისინი ჩემი დაცვის წევრის საშუალებით იყვნენ კავშირზე, იღებდნენ ინფორმაციას ჩემგან, თავის მხრიდან მიგზავნიდნენ მეც მოსამართლეების შესახებ, ვისი კონტროლიც აინტერესებდათ.

ჩემი დაცვის წევრის საშუალებით აგზავნიდნენ მიწის დამუშავების თანხას. ეს თანხა ხან მურუსიძეს ნუცუბიძეზე მოჰქონდა ჩემს სახლში. როდესაც ხდებოდა მოსავლის (მარცვლეული) აღება და რეალიზაცია, მათ ჩემი დაცვის წევრი რეალიზაციისგან მიღებულ თანხას, დაახლოებით 150 000-200 000 ლარს აწვდიდა ხან საცხოვრებელ სახლში ძეგვში, ხან სასამართლოსთან დიღომში, ზოგჯერ თანხის ასაღებად მურუსიძე თავად მოდიოდა ჩემთან სახლში. მოკლედ მურუსიძეს ჩემთან და ჩემი დაცვის წევრთან, სამხარაძესთან ჰქონდა აქტიური ურთიერთობა”, – წერს ის.

სოსო გოგაშვილი ამავე წერილში ჰყვება, რომ მისი დაკავების შემდეგ სამხარაძესა და მურუსიძეს შორის შედგა შეხვედრა, რა დროსაც მან სამხარაძეს უთხრა, რომ ის და ჩინჩალაძე ყველანაირად ეცდებოდნენ, მისი „საქმე დაელაგებინათ“.

„მე პასუხი დაგვიანებით, მაგრამ გავუგზავნე სამხარაძის საშუალებით, რომ მე ვაპირებდი ბინძური სისტემის მხილებას, ვისაუბრებდი სასამართლოზეც და მათ გადამალულ ქონებებზეც.

ჩემო მურუს, ეხლა შენ ამას თუ გინდა მუქარა დაარქვი, მე ამას მხილებას ვეძახი“, – წერს სოსო გოგაშვილი.