გოგაშვილი: პირადი ცხოვრების კადრების საქმე გახსნილია, მაგრამ შოთაძეს თაროზე უდევს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ბრალდებული სოსო გოგაშვილი წერს, რომ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმე გამოძიებულია, დადგენილია ატვირთვის ადგილი, ვინ ატვირთა, მაგრამ საქმე პროკურატურას თაროზე აქვს შემოდებული.

გოგაშვილის მტკიცებით, დამნაშავე თავისუფალია, რადგან ის პირდაპირ კავშირშია რუსეთის პრესსამსახურებთან.

„რაც შეეხება გახმაურებული პირადი ცხოვრების კადრების საქმეს, სადაც პოლიტიკოსები არიან დაბარებულები, ეს საქმე გახსნილია, გამოძიებულია, დადგენილია ადგილიც, საიდანაც აიტვირთა, პიროვნება, ვინც ატვირთა, მაგრამ საქმე შოთაძეს უდევს თაროზე. დამნაშავე თავისუფალია, ამ საქმის შესახებ ინფორმაცია წლების წინ გამოიჟონა, მაგრამ არც მაშინ არ დაიჭირეს და არც ახლა არ იჭერენ, იმიტომ, რომ ეს ადამიანი პირდაპირ კავშირშია რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამ საქმეს მიაქციოს მედიამ ყურადღება, მოიკითხეთ რეალური დამნაშავე, ნუ აყვებით ოცნების ფეიკ კამპანიას და ნუ დამსვამთ ვირტუალურ საბრალდებო სკამზე“, – წერს სოსო გოგაშვილი.

ამ განცხადებით იოსებ გოგაშვილი პროკურატურის მიერ მისი ბრალდების დამძიმებას გამოეხმაურა. გოგაშვილს სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დამატებით ახალი ბრალდება წარედგინა.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მის საქმეში მტკიცებულებად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელი დარღვევებია წარმოდგენილი.

„ოცნების“ დროს გაკეთებული რომ შემოეტანათ, ეს ხომ აღიარება იქნებოდა, რომ იწერთ ყველას: მთავრობას, პარლამენტს, ოპოზიციას, სასულიერო პირებს, „ენჯეოებს“, დიპლომატებს, თქვენი გუნდის წევრებს, მათ ცოლებს, საყვარლებს. დიახ, ვადასტურებ, რომ მსგავსი ბინძური ათწლიანი არქივი ოცნების დანაშაულებრივი ქმედებებისა დევს სუსში“, – ამბობს ის.