გოგაშვილის ცოლი: ჩემ თვალწინ დადეს იარაღი ლეიბის ქვეშ, სამ მუხლზე ედავებიან

პუბლიკა

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავების შემდგომ მისმა მეუღლემ, თია მარტყოფლიშვილმა მედიასთან ისაუბრა ჩხრეკისა და დაკავების პროცედურის შესახებ. მისი თქმით, სოსო გოგაშვილს დაზიანებები აღენიშნება და დაინახა, როგორ დადეს სამართალდამცველებმა ლეიბის ქვეს იარაღი.

„შემოვარდნენ, ჩემი ბიჭი დააგდეს, ხელები დალურჯებული აქვს, სოსოც დააგდეს […] წიხლი დაარტყეს ბეჭზე, აქვს დაზიანება და სუნთქვის დროს უჭირს, მარჯვენა ლოყა აქვს გასიებული. შემდეგ ღამბაშიძე და თანმხლები 3 პიროვნება გაიქცნენ და ჩემი თვალით დავინახე, რომ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი, დავინახე როგორ გამოხსნეს სოსოს ტანსაცმელები კარადა და „კალაშნიკოვი“… 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს 2 იარაღი უკანონოდ ჰქოონდა?!“, – აცხადებს გოგაშვილის ცოლი.

მისივე თქმით, გოგაშვილს ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 157-ე (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა) მუხლებით.

„ჩემი პირადი ტელეფონი ჩამომართვეს, რომელიც განჩინებაში საერთოდ არ ეწერა. ყველას ჩამოართვეს ბავშვებსაც, ქალებსაც“, – განაცხადა თია მარტყოფლიშვილმა.

ჟურნალისტებმა მარტყოფლიშვილს სუს-ის განმარტებაზეც ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც გოგაშვილის სახლის ჩხრეკა და დაკავება არა ახალი, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდა – ამ შეკითხვის საპასუხოდ გოგაშვილის ცოლმა აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია, რომელ მიმდინარე საქმეზეა საუბარი.

„მე მაქვს ვარაუდი, რომ, ალბათ, [საქმე ეხება] სუს-დან გამოტანილ მასალებს, რომელიც 2021 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა, ჩემი მეუღლე 2021 წელს იქ აღარ მუშაობდა და როგორ გამოიტანდა?“, – განაცხადა მატყოფლიშვილმა.

მისივე თქმით, ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოაწერა, რადგან ოქმში მითითებული მეხსიერების ბარათები, დისკები, წერილობითი ბარათები, იარაღები „ჩადებული“.


სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი წუხელ დააკავეს.

15 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა განცხადება გაავრცელა, „უცნობის“, მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც “მთავარი არხის” რედაქციაში ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ მასალას შეეხება.

„ჩავატარე მთელი რიგი შეხვედრები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ: დიპკორპუსთან, საერთაშორისო მისიებთან, არასამთავრობოებთან, მედიასთან და აშ. არ დაგიმალავთ და ადამიანები, რომლებიც მისმენდნენ და ნახულობდნენ ჩემს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს იყვნენ შოკირებულნი ნანახით.

ნახეს ის, რაც არ უნახავთ და მხოლოდ ყურმოკვრით, ან მტკიცებულებების გარეშე მოუსმენიათ. ყველა შესაბამის ორგანიზაციას გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ. ასევე დავაკავშირე სხვა თვითმხილველები და მოწმეები, როგორც მედიას ასევე სხვა ორგანიზაციებს. 2021 წლის შემოდგომაზე ვისაც გახსოვთ, მედია საშუალებებმა გააშუქეს არჩევნების გაყალბების ფაქტები ნაწილობრივ.

სავარაუდოდ ეს უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერის ნაწილი ასახავდა ერთერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს“, – წერს გოგაშვილი.