გოგაშვილის დაკავების დროს გამოვიყენეთ პროპორციული ღონისძიებები - სუს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სუს-ის გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე საქმის ფარგლებში, მოსამართლის განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი.

სუს-ის განცხადებით, გოგაშვილს გამოძიება პერსონალური მონაცემების ხელყოფის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებს ედავება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა, წარსულში მისი სამსახურებრივი მდგომარებისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყო აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. შედეგად, დაირღვა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები.

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებისა და დამატებით მიღებული ინფორმაციის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციისა და სამსახურის სხვა უფლებამოსილი დანაყოფების თანამშრომლების მიერ სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ჩატარდა იოსებ გოგაშვილის პირადი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული 8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის, მის მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული ორი არარეგისტრირებული და სამი სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ასევე, ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით მასალა, კერძოდ, კომპიუტერული ტექნიკა, ინფორმაციის მატარებელი სხვა ელექტრონული მოწყობილობები, ასევე, სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმიანება სოსო გოგაშვილის დაკავების ვიდეოებსა და მისი ოჯახის წევრების განცხადებებს. უწყება აცხადებს, რომ ჩხრეკის დაწყებამდე გოგაშვილი არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას, არ გააღო კარი და შეეცადა საგამოძიებო მოქმედებების ხელშეშლას.

„იოსებ გოგაშვილი, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა კანონიერ მოთხოვნას, არ გახსნა შესასვლელი კარი და შეეცადა მოსამართლის განჩინებით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებისთვის ხელის შეშლას, რითაც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე შეიქმნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედებების უზრუნველსაყოფად და ადგილზე მყოფი პირების მიმართ შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, გამოყენებულ იქნა პროპორციული ღონისძიებები“, – აცხადებს სუსი.

დღეს სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა, სოსო გოგაშვილმა, დაკავების ღამეს თავის სახლში მომხდარი აღწერა, სამართალდამცავები ძალადობრივ ქმედებებსა და მტკიცებულებების „ჩადებაში“ დაადანაშაულა და მისი და ოჯახის წევრების უფლებების დარღვევაზე ისაუბრა.