გოგი წულაია მოსამართლისა და პროკურორის აცილების მოთხოვნით შიმშილობს

პუბლიკა

პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელიც საქსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაშია ბრალდებული და აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, საპატიმროდან წერილს ავრცელებს.

ის ამბობს, რომ მოითხოვს მოსამართლისა და პროკურორის აცილებას მის საქმეზე.

„10 მაისის სასამართლო პროცესზე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, შოთაძის მონა პროკურორმა და მურუსიძის მონა მოსამარათლემ წინასწარი პატიმრობა ორი თვით გამიხანგრძლივეს, რომლის შემდგომ ვეღარ მოვითმინე და დედა მოვუკითხე, ორივე ძალიან მოწადინებული იყო ჩემი დაჭერით და ამ ფაქტის მერე რას იზამენ, ხომ წარმომიდგენია.

მივიღე გადაწყვეტილება უკვე ერთი კვირაა ვშიმშილობ, არ ვიღებ არც მედიკამენტებს, მოთხოვნა ერთია გამიკეთონ აცილება მოსამარათლეზე და ასევე პროკურორზე, რომელიც ჩემ დაჭერისას მონაწილეობას იღებდა ჩემს წამებაში და ღირსების შელახვაში“, – წერს გოგი წულაია.


19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკოს გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გოგი წულაია 17 მარტს ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 18 მარტს პროკურატურამ მას ბრალდების მუხლი გადაუკვალიფიცირა. გამოძიება პოლიტიკოსს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ადანაშაულებს (სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პროკურატურის ვერსიით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ალკოჰოლი მიიღო, რის შემდეგაც დაზარალებულ ქალთან ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ადვოკატის თქმით, გოგი წულაია ძალადობის ფაქტს უარყოფს.