დღეს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წლის PISA -ს შედეგები გამოაქვეყნა.
შედეგების მიხედვით, საქართველოს 380 ქულა აქვს წიგნიერების ნაწილში. მათემატიკაში 398, საბუნებისმეტყველოში – 283.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ 2015 წელთან შედარებით საქართველოს მონაცემები ყველა კომპონენტში მცირდით გაუარესდა, ხოლო ბოლო 10 წლის შედეგების მიხედვით, გაუმჯობესებაა მათემატიკაში.
რა შეეხება განსხვავებებს სქესის მიხედვით, გოგოებისა და ბიჭების მიღწევებს შორის სხვაობა აჩვენებს, რომ გოგოები კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე ბიჭები.
PISA მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევაა, რომელიც ამოწმებს 15 წლის მოზარდების მზაობას, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში მიიღეს.
PISA -ს კვლევა 2000 წლიდან ტარდება და ამოწმებს ცოდნას სამ სფეროში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. კვლევა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.
წინა, 2015 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში საქართველოს მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებელი დაბალი იყო. მოსწავლეთა ნახევარი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საბაზო კომპეტენციებს არ ფლობს. კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 490 ქულა იყო, საქართველოსი – 404.