PISA-ს შედეგებში საქართველოს მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით გაუარესდა

პუბლიკა

დღეს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წლის PISA -ს შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, საქართველოს 380 ქულა აქვს  წიგნიერების ნაწილში. მათემატიკაში 398 ქულა, საბუნებისმეტყველოში – 283 ქულა.  გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ 2015 წელთან შედარებით საქართველოს მონაცემები ყველა კომპონენტში მცირედით გაუარესდა, ხოლო ბოლო 10 წლის შედეგების მიხედვით, გაუმჯობესებაა მათემატიკაში (19 ქულიანი გაუმჯობესება).

კვლევის შედეგების პრეზენტაციისას ასევე ისაუბრეს პოზიტიური ტენდენციების შესახებ, უფრო კონკრეტულად კი, სქესთა შორის განსხვავება კითხვაში 2009 წელთან (61 ქულა) შედარებით, 2018 წელს (38 ქულა) ნაკლებია.

პრეზენტაციისას ითქვა, რომ საქართველოში შეჭირვებული და პრივილეგირებული მოსწავლეების მიღწევებს შორის სხვაობა კითხვაში (68ქულა) უფრო მცირეა, ვიდრე OECD-ის ქვეყნებში (89 ქულა). შეჭირვებული და პრივილეგირებული მოსწავლეების მიღწევებს შორის სხვაობა კითხვაში 2018 წელს (68 ქულა) 2009 წელთან (87 ქულა) შედარებით შემცირდა.

PISA -ს კვლევა 2000 წლიდან ტარდება და ამოწმებს ცოდნას სამ სფეროში: კითხვამათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. კვლევა  ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.

საქართველო მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში (PISA),  როგორც პარტნიორი ქვეყანა, 2009 წლიდან ჩაერთო. 2018 ციკლის კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 326 სკოლიდან 5572-მა მოსწავლემ.

PISA 2018-ის ტესტებში მიღებული ქულები (ანუ ის ერთეულები, რომლებშიც შეფასების შედეგები არის გამოსახული) ერთმანეთს ადარებს როგორც ქვეყნებს, ასევე PISA-ს წინა ციკლების შედეგებს. PISA-ს შედეგების ინტერპრეტაციის გასამარტივებლად შეფასების სკალა დაყოფილია მიღწევის დონეებად.

PISA 2018-ში 79 მონაწილე ქვეყნიდან 70 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სკოლების მოსწავლეებმა ტესტი შეასრულეს კომპიუტერულ ფორმატში, ხოლო დანარჩენი ქვეყნის მოსწავლეებმა – ქაღალდზე.

————–

PISA მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევაა, რომელიც ამოწმებს 15 წლის მოზარდების მზაობას, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში მიიღეს.

PISA -ს კვლევა 2000 წლიდან ტარდება და ამოწმებს ცოდნას სამ სფეროში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. კვლევა  ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.

წინა, 2015 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში საქართველოს მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებელი დაბალი იყო.  მოსწავლეთა ნახევარი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საბაზო კომპეტენციებს არ ფლობს. კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 490 ქულა იყო, საქართველოსი – 404.