გოლეთიანი ამბობს, რომ პროტესტის გაგრძელებისთვის შეთავაზებული ალტერნატიული ლოკაციები შეუსაბამოა

პუბლიკა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ შემოთავაზებული სავარაუდო ტერიტორიები, სადაც მათ პროტესტის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ, შეუსაბამოა.

„შემოთავაზებული იყო რამდენიმე ალტერნატიული ლოკაცია, გამომდინარე იქედან,  რომ ჩვენი პროტესტის ძირითად ადგილას ნამოხვანში, ლალი ეფრემიძის მიწაზე კომპანია „ენკამ“ თქვა რომ ეს ჩემი საკუთრებააო და აღარ გვაძლევს იქ შესვლის უფლებას, ჩვენ გვქონდა ჩვენი პირობები ამასთან დაკავშირებით,- ტერიტორია უნდა ყოფილიყო  ნამოხვანში სამშენებლო მოედნებთან ახლოს და ზოგადად საპირწონე ადგილი უნდა ყოფილიყო იმ მონაკვეთისა სადაც ჩვენ ვიყავით და ჩვენთვის აღარ უნდა იყოს სადავო ის ტერიტორია, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რაღაცა ფორმით ჩვენს საკუთრებაში უნდა იყოს რომ მეორე დღეს არ გახდეს თავიდან სპეკულაციის საგანი, თუ ვისია“,- უთხრა „პუბლიკას“ გოლეთიანმა.

მისივე თქმით, დღეს მათ შესთავაზეს 13 ალტერნატიული ადგილი პროტესტის გასაგრძელებლად, თუმცა ბევრი მათგანი ნამოხვანის ტერიტორიის გარეთ იყო, ამიტომ ეს ვერსიები არც განუხილავთ. ხოლო ნამოხვანის ფარგლებში დასახელებული ტერიტორიები გოლეთიანის თქმით, აცდენილი იყო საკადასტრო კოდებს, იყო კლდეები და ფერდობები სადაც ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა კარვის გაშლა, ან ისეთი ადგილი სადაც ტელეფონი არ იჭერს და დასადგომადაც რთული რელიეფია.

„ერთადერთი ადგილი აღმოჩნდა ლალი ეფრემიძის ნაკვეთის მოპირდაპირე მხარეზე ნაკვეთი სადაც შეიძლებოდა დავდგეთ, თუმცა ამ ნაკვეთის თავზე გადადის კომპანიის მიერ გაჭრილი სამშენებლო გზა, იმ გზის გამოყენების შემთხვევაში პირდაპირი საფრთხე გვემუქრება. ასევე გაუგებარი იყო დასაბუთება ამ მიწას რატომ გვაძლევენ და არა იმ მიწას სადაც ვიდექით, 20 მეტრია სულ დაშორება ამ ორ ნაკვეთს შორის“- აცხადებს გოლეთიანი.

მისი თქმით, „რიონის ხეობის მცველებისთვის“ პრინციპული საკითხია პროტესტი იქ განაახლონ სადაც აქამდე ჰქონდათ გაშლილი კარვები. მისივე თქმით არსებულ ინფორმაციას მედიატორებსაც მიაწვდიან.