„მიზანია, იარლიყი დაადოს ადამიანს და კანონის ჩარჩოთი ებრძოლოს" - გოლეთიანი რუსულ კანონზე

პუბლიკა

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი რუსულ კანონზე აცხადებს, რომ ეს არის ხელისუფლების მცდელობა, იარლიყი დაადონ ადამიანებს, რომლებიც რეალურ საქმეს აკეთებენ და მათ რაღაც წინააღმდეგობას მაინც უწევენ. ამის შესახებ მან „პუბლიკასთან” ისაუბრა.

„ჩემთვის აბსოლუტურად უსაფუძვლო და უსამართლოა, როცა ხალხს, ვინც სახელისუფლებო პროპაგანდის მხარეს დგას და ამბობს, რომ რატომ ხართ გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ეს უნდა იცოდეს, პირველ რიგში, რა მიზანი აქვს ყველაფერს, ის, რომ უბრალოდ იარლიყი დაადოს ადამიანს და შემდეგ კანონის ჩარჩოთი ებრძოლოს სახელმწიფო, რომ ხალხი ხელს უშლის განვითარებას და ამიტომ, ისინი უნდა გვებრძოლონ ჩვენ სხვადასხვა მექანიზმით და ეს არ გაჩერდება, ამ პროცესს აუცილებლად ექნება გაგრძელებები.

თუ, მაგალითად, რასაც თვითონ ასახელებენ, რომ ფინანსურ გამჭვირვალობაშია საქმე, მაგალითად, ხომ შეიძლებოდა სხვანაირი კანონი ყოფილიყო, რაზეც იმთავითვე არავის ექნებოდა პრეტენზია… ფინანსური საკითხები ისედაც გამჭვირვალეა, ამიტომ იღებენ ამ კანონს ამ სათაურით, ეძახონ ყველას, თუ ვინმე, რამე ხმას ამოიღებს ამ ქვეყანაში, რომ ეს ხომ ვიღაცის ძალის გამტარია… თან შეეხება ხალხს, ვინც საქმეს აკეთებს, რაღაცაში რეალურ წინააღმდეგობას უწევს ამ ხალხს, ამიტომ ვინც ხელს უშლის, ეხება პირველ რიგში იმ ხალხს ეს სათაური. უზნეო მოტივაციაა, რომ უბრალოდ ვიღაცას ეძახო აგენტი და ჩვენს შემთხვევაში, უკვე დამდგარი ფაქტია, უკვე გვეძახიან”, – აღნიშნა მან.

ამასთან, შარშანდელთან განსხვავებით, ხელისუფლების წლევანდელ რიტორიკაზე და აღნიშნავს, რომ წელს ხელისუფლება აქცენტს აკეთებს არასამთავრობოებსა და მედიაზე, თუმცა გოლეთიანის თქმით, ისინი მოძრაობას წარმოადგენენ, თუმცა კანონი, ამოქმედების შემთხვევაში, მაინც შეეხებათ.

„წელს ხელისუფლებამ იმაზე დადო ფსონი, რომ NGO-ებს შეეხება და მედიებს მხოლოდ, ამას ამბობს და რადგან სხვა პირებს არ შეეხებათ, მათი აზრით, პროტესტიც აღარ იქნება. ამიტომ ამოაკლეს ეს ნაწილი წელს, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ არც მედია ვართ და არც NGO, ჩვენი მოძრაობა, მაგრამ შარშანაც და წელსაც, არგუმენტად სულ ჩვენ ვსახელდებით ხოლმე, როგორც რაღაც გამოსააშკარავებელი ხალხი, რომლებსაც აქვთ გარკვეულ აგენტურულ საქმიანობას ჩადიოდა…

იმის თქმა მინდა, რომ ერთადერთი კონკრეტულად იდენტიფიცირებადი ხალხი ვართ, ვისაც მიემართება – აქვე თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს ხომ მარტო იმ ხალხს ეხება, ვისაც რაღაც ორგანიზაციები აქვს, ასე არ არის და ჩვენ ვართ ამის მაგალითი, ჩვეულებრივ ხალხს გვეხება”, – თქვა გოლეთიანმა.