გომელაურის განცხადების მიზანია, შეაშინონ ხალხი, რომ გამოიყენებენ წყლის ჭავლსა და გაზს - გოლეთიანი

პუბლიკა

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებები ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობაზე ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს – დააშინონ მოძრაობის მხარდამჭერები, რომ მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება სპეცტექნიკა და რომ აზრი არ აქვს პროტესტში ჩაბმას.

გოლეთიანის თქმით, პროვოკაციული და რადიკალური ქმედებებისკენ რომ არ მიდის მათი მოძრაობა, ეს დადასტურდა ხეობაში 200 დღეზე მეტხნიანი ყოფნით.

„პირიქით, ჩვენ პრევენციას ვახდენთ. განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღეა, უამრავ პროვოკაციულ ჯგუფს ვაჩერებთ, რომ არ შეიჭრან ხეობაში და არ იყოს ისეთ შემთხვევები, რაზეც თუნდაც დღეს საუბრობდა მინისტრი.

სხვადასხვა პროვოკაციული ჯგუფი, რომლებიც ძალადობისკენ არიან ორიენტირებულნი და ხეობაში სწორედ იმისთვის მოდიან, რომ შეიჭრან, დააზიანონ და დაწვან და ა.შ. ვესაუბრებით და ვუხსნით თითოეულ მათგანს, რომ ეს არის დამაზიანებელი ჩვენი მოძრაობისთვის და მათ არ უნდა მიმართონ მსგავს მოქმედებებს.

ასევე, ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ თუ ჩვენ აღარ ვიქნებით ამ ხეობაში, რისკი შეჭრისა მოიმატებს, რადგან მაკონტროლებელი აღარ ეყოლებათ იმ ჯგუფებს, რომელიც აქ მოდიან პროვოკაციისთვის.

ამ განცხადების მიზანია, მომსვლელი ხალხი შეაშინონ, რომ წყალს გაუშვებენ და გაზს გამოიყენებენ მათ მიმართ. ეს იგივე ნარატივია, რაც იყო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გადაღუნულ ბარიკადებზე. ეს არის ზუსტად იგივე, რომ რიონი აპირებდა, თურმე, ადიდებას და იმიტომ აგვიშალეს კარვები, რომ შესაძლოა მას წაველეკეთ. ეს არის კასკადი რაღაცა აბსურდული, მოგონილი ბრალდებებისა, ნარატივისა, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ დაშალოს ადამიანების ერთობა”, – ამბობს გოლეთიანი. 

მან ჟურნალისტებთან ასევე გაიხსენა შემთხვევები, როდესაც, მისი თქმით, პოლიციელებმა იძალადეს დაკავებულ მხარდამჭერებზე.

„ყოველ საღამოს ვხედავთ შეხლა-შემოხლას პოლიციასთან და მათი მხრიდან დამოკიდებულებას, როგორ აგინებენ ჩვენს თანამებრძოლებს, როგორია მათი დამოკიდებულება თითოეული ჩვენგანის მიმართ.

ასევე, გუშინ ვნახეთ, დაკავებული როცა გადაიყვანეს მეორე მხარეს, როგორ სცემდნენ მას. ეს დამოკიდებულება, რომელიც ჩანს და რომელსაც ყველა ხედავს, საბოლოო ჯამში, ემსახურება ამ ადამიანების დაშინებას – რომ არ აქვს აზრი ამ პროტესტში ჩაბმას. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, განვეწყოთ პირიქით – გრძელვადიანი ბრძოლისთვის, რათა მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე”, – განაცხადა გოლეთიანმა.

ის ასევე გამოეხმაურა მინისტრის განცხადებას „ენკას” ბაზის დაწვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ, როდესაც მინისტრი მათკენ იშვერს ხელს, მას უნდა ჰქონდეს  მტკიცებულებები.

„გამოიძიონ და ნახონ მაშინ, ვინ გააფუჭა. ის ადგილი, სადაც მაშინ ვიდექით და სადაც ეს დაწვის ფაქტი მოხდა, დაახლოებით 30 კილომეტრითაა დაშორებული ერთმანეთისგან. ამიტომ ახლა ეს ბრალდება, ჩვენი მისამართით რომაა მომართული – წარმოუდგენელია… როცა რაღაცას ამბობ და ხელს იშვერ, რომ ეს ამ ხალხმა გააკეთა, არსებობს ვალდებულება, რომ ეს უნდა დაამტკიცო. ამიტომ ვნახოთ, ხო?!”, – ამბობს გოლეთიანი.

მისივე თქმით, 200 დღეზე მეტხანს იყვნენ ისინი ხეობაში და ამის შედეგად არც ტექნიკა და მით უფრო, არც ადამიანები არ დაზიანებულან, არც არავინ შეჭრილ სადმე . „ეს ყველაფერი მოგონილია მოძრაობის დისკრედიტაციისთვის”, – ამბობს გოლეთიანი.