გომელაურის თქმით, კერძო ფირმამ იყიდა საფრენი აპარატი, რომელიც გოცირიძის ცნობით, $22 მლნ ღირდა

პუბლიკა

პარლამენტის დეპუტატი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ საქართველოში კატარიდან 22 მლნ დოლარის ღირებულების საფრენი აპარატი შემოვიდა. პლენარულ სხდომაზე მან შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართა კითხვით, რა აპარატია ეს, რადგან უცნობია, ვერტმფრენია ის, დრონები თუ სხვა.

„თქვენ [ვახტანგ გომელაური] აღნიშნეთ, რომ კერძო სექტორმა შეიძინა კატარიდან 22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატი. ეს რა აპარატია, არ ვიცით. შესაძლოა, ვერტმფრენია, ორი ან რამდენიმე პატარა ვერტმფრენი, შესაძლოა, დრონებია, თუმცა სტატისტიკის მასალებში რამდენიმე სხვა ქვეყნიდანაც არის შემოსული საფრენი აპარატები 300-400 ათასი დოლარის.

შესაძლოა, ეს იყოს დრონები, რომელიც იყიდება მაღაზიებში, რომელიც ტელევიზიებს ან კერძო სტრუქტურებს სჭირდება, მაგრამ 22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატის შემოყვანა კატარიდან, ასეთი რამ არ მომხდარა ბოლო წლებია, რასაც ვაკვირდები. მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. ამიტომ, უნდა დააკვირდეთ თქვენ, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო, ეს ხომ არ გადავა ყირგიზეთში? ხომ არ წავა ყაზახეთში“, – განაცხადა მან.

შს მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს აპარატი სახელმწიფოს არ შეუძენია, თუმცა არ დაუკონკრეტებია არც აპარატის ღირებულება და არც შემძენი პირი. მან თქვა, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია, რადგან საფრენი აპარატი კერძო ფირმამ იყიდა.

„ეს აპარატი, გითხარით, ბატონო რომან, არის კონფიდენციალური ინფორმაცია, არის კერძო ფირმა. მე რომ ვთქვათ, ხვალ შეიძლება მიჩივლოს, მე არ მინდოდა ეს ინფორმაცია გამეჟღერებინაო. [შეგიძლიათ] მიმართოთ სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში და მოითხოვოთ. მე კი გავიგე, რაც არის, მითხრეს, მაგრამ კერძოა, არ არის სახელმწიფო და ვერ ვიტყვი”, – განაცხადა გომელაურმა

პლენარულ სხდომაზე რომან გოცირიძემ ასევე ისაუბრა, რომ „საქართველო ხდება რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის ერთ-ერთი გზა”, რასაც უმრავლესობის წევრების პროტესტი მოჰყვა. გოცირიძეს ისინი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და მოღალატე უწოდეს.