გომისმთის ისტორიულ უბანს დასახლების სტატუსი მიენიჭა

პუბლიკა

გომისმთის ისტორიულ უბანს დასახლების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა გომისმთის დასახლება და მიენიჭა დაბის სტატუსი. გომისმთას დღემდე არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც ზღუდავდა მისი, როგორც კურორტის მიზანმიმართული და ეფექტური განვითარების შესაძლებლობებს. სტატუსის არქონის გამო შეფერხდა გომისმთის გენგეგმის დამტკიცებაც, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2018 წელს დასრულდა.

გომისმთისათვის დაბის სტატუსის მინიჭება და კურორტის გენგეგმის შესაბამისად განვითარების დაჩქარება მნიშვნელოვნად გაზრდის გურიის მხარის ეკონომიკურ შესაძლებლობებს. მას უკვე ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები და წვდომა სხვადასხვა სახის დაფინანსებასა და ინვეტიციის მოზიდვის სხვა საშუალებებზე.

გომისმთა ცნობილია როგორც ღრუბლებისა და ნისლების ადგილი და სულ უფრო პოპულარული ხდება ადგილობრივ დამსვენებლებსა და უცხოელ ტურისტებს შორის. გომისმთაზე ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.