„გონებამხვილური ხუმრობა მოვისმინე - ევროკავშირში არ მიგვიღეს, მაგრამ ვატიკანში მიგვიღესო“ | წულუკიანი

პუბლიკა

„ერთ-ერთი ყველაზე გონებამახვილური ხუმრობა, რომელიც დღეს აქ ქართველებისგან მოვისმინე, იყო, რომ ევროკავშირში არ მიგვიღეს, მაგრამ ვატიკანში მიგვიღესო”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ის ვატიკანიდან ჩაერთო და 26 ივნისს, სიქსტის კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტის შესახებ ისაუბრა.  

„ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ამ ხუმრობაში არის სიხარულიც, აღტაცებაც, ცოტა სევდაც, გულის ტკივილიც, მაგრამ ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ომშიც კი მღეროდა, არამცთუ წარუმატებლობის ჟამს და რომელიც სამართლიანად აფასებდა იმ წარმატების დოზას, რომელიც მას წილად ხვდებოდა – ამ შემთხვევაში ევროპულ პერსპექტივას ვგულისხმობ, რომელზეც 2014 წელს ან თუნდაც შარშან ვერცერთი ქართველი ვერ იოცნებებდა.

ეს გვაქვს, მაგრამ გვინდოდა მეტი და გხვდებიან ადამიანები, რომლებიც არიან ცოტა მოწყენილები. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც ვაგრძელებთ მუშაობას, იმისთვის, რომ თუკი რამე არის გასაკეთებელი, გაკეთდეს, მაგრამ ის, რაც არის გასახარი და დღეს გიხარია, დღეს უნდა გაკეთდეს”, – თქვა მან.

კულტურის სამინისტროს ცნობით თეა წულუკიანი ვატიკანში შეხვედრებს განაგრძობს. ის  ვატიკანის მუზეუმებს ეწვია და შეხვდა დირექტორს, ბარბარა იატას.

მათივე ცნობით, მინისტრი დაინტერესდა ვატიკანის მუზეუმში სტაჟირების პროგრამით, მუზეუმოგრაფიის,  ლაბორატორიების მუშაობის, საკურატორო საქმიანობის საკითხებით.

„აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველოდან სტუდენტების,  კურატორების,  რესტავრატორ-კონსერვატორების ვატიკანის მუზეუმებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით წარგზავნის შესაძლებლობას”, – ამბობენ სამინისტროში.