გონების კარგვის ეპიზოდი განმეორდა, მაგრამ არავინ არაფრად აგდებს და რა აზრი აქვს - ალასანია

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს კვლავ ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი. მისი თქმით, სასამართლოც ძალიან გაჭიანურდა და რთულია იმის თქმა რამდენად გაუძლებს სააკაშვილის ჯანმრთელობა.

„გონების კარგვის ეპიზოდი განმეორდა, მაგრამ არავინ არაფრად არ იღებს და რა აზრი აქვს. ხვალ იქნება კიდევ ახალი პროცესი [სასამართლო], გუშნაც იყო, მაგრამ მე არ ვიცი უკვე რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ ვიცი როდემდე გაძლებს. მომდევნო კვირის ბოლომდე… არ ვიცი, ამდენი ხანი გაძლებს ეს ადამიანი ასეთ მდგომარეობაში? ძალიან მეეჭვება, ეს მომდევნო კვირა აღარ დაილია, “- ამბობს ის ჟურნალისტებთან.

მიხეილ სააკაშილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩაიძემ. მან თქვა, რომ გუშინ ჩაუტარდა მიხეილ სააკაშვილს განმეორებითი PCR ტესტი და ის უარყოფითია.

„გუშინ გადამოწმდა სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზები და უნდა ითქვას, რომ ლაბორატორიული მონაცემების კუთხით არის გაუმჯობესება. ჩვენს მიერ ნანახი არ ყოფლა გონების კარგვა, თუმცა პაციენტმა გვითხრა რომ წამიერად დაკარგა წონასწორობა და ადგილი ჰქონდა დაცემას, როგორც თითონ ამბობს. ექთნის მიერ უშუალოდ ნანახი იქნა საწოლში. არანაირი დაზიანებები არ აღენიშნება, “- თქვა მან.

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროცესი ხვალააც არის ჩანიშნული. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, სავარაუდოდ, მოსამართლე მომდევნო კვირის ბოლოს მიიღებს საქმეზე გადაწყვეტილებას.


გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ დააკმაყოფილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა და მიხეილ სააკაშვილის საქმეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა მტკიცებულებად დაურთო.