ბრეგაძე: სამხარაულმა დაადგინა, რომ „ემპათიის“ დასკვნა სარწმუნო და უტყუარი არ არის

პუბლიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ უკვე აქვთ პასუხი სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსგან „ემპათიის“ დასკვნის შესახებ.

მისი თქმით, დასკვნის თანახმად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სპეციალურმა პენიტენიციურმა სამსახურმა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2022 წლის 8 დეკემბერს მიმართა და  ბიურომ უშუალოდ ის დასკვნა შეისწავლა, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა.

„მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს და მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება, ან გადავადება მოითხოვეს, რასთან დაკავშირებითაც, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა. ამ შემთხვევაში სამსახურის ინტერეს წარმოადგენდა, რამდენად მეცნიერულად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა და გამოტანილი დიაგნოზები რამდენად შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან.

ჩვენ ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროდან დღეს მივიღეთ დასკვნა, რაც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: ეს არის ფსიქიატრიული, გასტოენტეოროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები. თამამად უნდა ითქვას, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილ დიაგნოზებს ვგულისხმობ, როგორიც არის ფსიქიატრიული, გასტოენტეოროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის, “- თქვა მან.

იუსტიციის მინისტრის თქმით, დასკვნა წარედგინება სასამართლოს. როგორც მან თქვა, დასკვნაზე დეტალურად და მეტს ვერ ისაუბრებს პაციენტის პირადი მონაცემების გამო.