გორის ცენტრში პრორუსული, ექსტრემისტული „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტი მაია სიჭინავა ფართის მეპატრონის ვინაობის გასარკვევად მივიდა, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. მაია სიჭინავას თქმით, გორის მოსახლეობამ არ უნდა დაუშვას პუტინისტური პარტიის ოფისის იქ გახსნა, სადაც 2008 წლის ომში რუსეთმა ბომბი ჩამოაგდო და მშვიდობიანი მოქალაქეები იმსხვერპლა.
„ნუ აჰყვებით ამათ პროპაგანდას, ესენი დგანან არასწორ, ბნელ გზაზე. მივმართავ გორელებს, რომ სირცხვილია დღეს გორის ცენტრში ამათი, პუტინისტების ოფისი იყოს გახსნილი და ეწეოდნენ რუსულ პროპაგანდას, როცა აქვე, ორ ნაბიჯში 5-ტონიანი ბომბი ჩამოაგდეს“, – მაია სიჭინავა
„კონსერვატიული მოძრაობის“ რეგიონულ ოფისებთან არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში. ხულოსა და შუახევში კი ფართის მეპატრონეებმა პარტია ოფისის გახსნამდე გააძევეს.