ქობულეთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ხარაგაული, საგარეჯო - „ალტ-ინფოს" პარტიის წინააღმდეგ აქციები გრძელდება

პუბლიკა

„ვიყაით, არიყაით, საიყავით”, – პრორუსული „ალტ-ინფოს” პარტიის ოფისის გახსნა დღეს ოზურგეთში გააპროტესტეს. მათი თქმით, ქალაქში „კონსერვატიული მოძრაობის” მუშაობას არ დაუშვებენ.

„ვერც შეხვალთ და ვერც გამოხვალთ. გდარაჯობთ იცოდეთ. ძირს პუტინის პროპაგანდა ოზურგეთში!”,  – ამბობს აქციის ორგანიზატორი ირმა გორდელაძე.

დღეს პრორუსული პარტიის წინააღმდეგ აქცია გაიმართა ასევე ქობულეთში, ხარაგაულში, საგარეჯოსა და ლანჩხუთში. აქციის მონაწილეებსა და პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებს შორის ქობულეთში პროტესტს მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.

„ჩვენ გვინდა, რომ თქვენც მოხვიდეთ ჭკუაზე და გაერთიანებულად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. რუსეთი უნდა ჩაბარდეს წარსულს, გაიგეთ რა”, – ამბობდნენ საგარეჯოში.

„რუსეთი არის აგრესორი, ბავშვებს-ქალებს ხოცავს… ყველაზე მეტად ვაპროტესტებ იმას, რომ ჯვრები აქვთ გაკრული და ეს ჩვენი ვითომ ერთმორწმუნე ხოცავს ქრისტიანებს. ბავშვების ინიციატივა მომწონს ძალიან – „არა რუსეთს”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხარაგაულიდან.

დღის ბოლოს აქცია გურიის კიდევ ერთ ქალაქში – ლანჩხუთშიც გაიმართა. გუშინ ამ ქალაქში „ალტ-ინფოს“ ოფისის ფანჯრებზე წითელი საღებავით საბჭოთა კავშირის აბრევიატურა – CCCP დაახატეს, დღეს კი აქციის მონაწილეებმა შენობის შესასვლელი უკრაინის დროშით დაფარეს.

სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ პარტიის ოფისი მარნეულში უკრაინის დროშის ფერებში შეღება.


პარტიამ რეგიონებში 60-ზე მეტი ფილიალი გახსნა. ამბროლაური, მესტია, ხულო, შუახევი, ჩოხატაური – ამ რეგიონებში პარტიის ოფისის გახსნა ადგილობრივმა მოსახლეობამ გასულ დღეებში გააპროტესტა.