გორში არასრულწლოვნის რამდენჯერმე გაუპატიურებისთვის პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურამ პირს არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდება წარუდგინა. საუბარია გორში მომხდარ შემთხვევაზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში გ.ზ.-მ ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანი რამდენჯერმე გააუპატიურა. გ.ზ. დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ ის მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა”, – წერს პროკურატურა.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული დანაშაულის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 21 მაისს მიიღო და ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო.

სამართალდამცველებმა გ.ზ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 25 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.

LB loan image desktop LB loan image mobile