გორში მოკლული ტურისტის გადასასვენებლად 48 ათას ევროზე მეტი შეგროვდა

პუბლიკა

გორში მოკლული ბრიტანელი ტურისტის, ტომ კენედის სამშობლოში გადასასვენებლად და მისი დაკრძალვის ხარჯებისთვის 48 ათასი ევროზე მეტი შეგროვდა.

„9 ოქტომბერს ჩვენი ლამაზი ტომი საქართველოში მდინარე მტკვარმა გამორიყა. ის სასტიკად მოკლა ხუთმა ბოროტმა კაცმა. განადგურებული ვართ, სიტყვებს ვერ ვპოულობთ, ჩვენი ლამაზი, ნიჭიერი ბიჭის გარეშე ცხოვრება ძველებურად ვეღარ გაგრძელდება“, – ვკითხულობთ  GoFundMe-ზე კენედის დედისა და ბიძაშვილის განცხადებაში.

ოჯახის განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდრეგულაციების გამო ძალიან რთულია მოკლული მუსიკოსის შინ გადასვენება, ამიტომ თანხის შეგროვება დაიწყეს.

„ვიწყებთ თანხის შეგროვებას მისი შინ დაბრუნებისთვის, რადგან ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასევე მისი დაკრძალვის ხარჯებისთვის და იმისთვის, რომ მისმა მშობლებმა შეძლონ საქართველოში ჩასვლა და სასამართლოზე დასწრება“, – წერია მიმართვაში.