გორში უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 5 პირი - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში, 7 ოქტომბერს უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე 5 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მათ შორის 3 პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. 2002 წელს დაბადებულ ზ.ფ.-ს, 2004 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, 2001 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს და 1993 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 1997 წელს დაბადებული ვ.ო. პოლიციამ დააკავა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, ბრალდებულები ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, მათ უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებულ ტ.კ.- ც შეუერთდა. ბრალდებულებმა მოგვიანებით, ტ.კ.-სთან ერთად გორში მდებარე ერთ-ერთ ბარში გადაინაცვლეს და ალკოჰოლის მიღება განაგრძეს, რა დროსაც ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ პირებსა და ტ.კ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. აღნიშნული დაპირისპირების შემდგომ, კონფლიქტში მონაწილე პირები გორში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ზ.ფ.-მ გ.ო.-მ გ.ქ.-მ და გ.ბ. -მ ტ.კ. -ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი ტ.კ. დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკვარში გადააგდეს. ჩადენილი დანაშაულის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, – აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულების დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციას ფლობდა ბრალდებულის სახით დაკავებული ვ.ო., თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტ.კ.-ის ცხედარი მდინარე მტკვარმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

LB loan image desktop LB loan image mobile