გრძელდება სტრასბურგში იურიდიული პროცესი და ჩემი ბრძოლა გადარჩენისთვის - სააკაშვილი

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაზე, მესამე პრეზიდენტი ეხმაურება.

სააკაშვილი თავის Facebook-გვერდზე წერს, რომ სტრასბურგის სასამართლოში გრძელდება მისი პროცესი და „ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსა და უკრაინისთვის“.

სააკაშვილის მტკიცებით, ის უდანაშაულოა და უკვე ორი წელია აწამებენ გამოგონილი ბრალდებით. სააკაშვილი წერს, რომ ის იბრძვის თავისუფლებისთვის, მაგრამ საჭიროა, „საქართველომაც უფრო ხმამაღლა ამოიღოს ხმა“ მისი და სხვა უსამართლოდ დაპატიმრებულთა თავისუფლებისთვის.

„ჩემი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ რუსეთის ცხვირწინ შევქმენი ნამდვილი სახელმწიფო და მყარად შემოვატრიალე ის ევროკავშირისა და ნატოსკენ. ახლა ამას ყველაფერს დიდი საფრთხე ემუქრება და ამიტომაც ვყავარ პუტინის ბრძანებით ციხეში.

ქართველებმა მთელს მსოფლიოში და პირველ რიგში, საქართველოში – უფრო ხმამაღლა ამოიღეთ ხმა ამ უსამართლობაზე!

მე მთელი შეგნებული ცხოვრება ვიბრძვი საქართველოს თავისუფლებისთვის, მინდა რომ საქართველომაც კიდევ უფრო ხმამაღლა ამოიღოს ხმა ჩემი, ნიკას, ლაზარეს, ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულის თავისუფლებისთვის.

მხოლოდ უცხოეთი ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს, დასავლეთი და თავისუფალი სამყარო დაგვეხმარება მხოლოდ მაშინ, თუ დაინახავს ჩვენს შემდგომ შეუპოვარ ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო არ იქნება მხოლოდ უკრაინის იმედზე“, – წერს სააკაშვილი.


იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ დღეს გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საქმეში დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ. ბრეგაძის თქმით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა და სახელმწიფოს სააკაშვილის სხვა ქვეყანაში ან სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა არ დაავალა.