პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და ლიდერი გრიგოლ ვაშაძე რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ განცხადებას დამატებით განმარტავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„დამატებით განვმარტავ: 1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; 2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; 3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ; 4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო, “- წერს ის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე თავდაპირველ განცხადებაში აღნიშნავს, რომ „სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.”
ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგებს. ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ ყველა ამბობს უარს საპარლამენტო მანდატზე. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა: თამარ ჟვანიას გადაყენება, თავისუფალი საარჩევნო ადმინისტრაცია, ხელახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
გუშინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიის ლიდერების თქმით, პროტესტი არ შეწყდება და მორიგი აქცია შაბათს, 14 ნოემბერს, 3 საათზე გაიმართება.