გრიგორიადისის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნაზე მიმართვა სააპელაციომ დაუშვებლად ცნო

პუბლიკა

მარტის აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლისა და პოლიციის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებული 21 ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნაზე განცხადება სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ ლაზარე გრიგორიადისის ერთ-ერთმა ადვოკატმა თათია მანიჟაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, სააპელაციომ აღკვეთის შეცვლის მოთხოვნაზე მიმართვა წარმოებაში არ მიიღო და შესაბამისად, ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ამის შესახებ მედიასთან ადვოკატმა ლიკა ბითაძემაც ისაუბრა. მან თქვა, რომ გუშინ გვიან შეიტყვეს ამის შესახებ და ელოდებიან შესაბამის დოკუმენტს სააპელაციოდან, სადაც განმარტებული იქნება უარის თქმის საფუძველი.

„სააპელაციოს ჩვენ მივმართეთ 48 საათში, მაშინ როდესაც აღკვეთი ღონისძიება დასრულდა და შეეფარდა პატიმრობა. მას შემდეგ [ველოდებოდით] და გუშინ შევიტყვეთ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის საჩივარი დაუშველად ცნო. განჩინება ჯერ არ არის ჩვენამდე მოსული, თუმცა გამოგზავნილია და ვნახავთ ამ გადაწყვეტილების საფუძველი რა იყო ,”- თქვა ლიკა ბითაძემ.

„ლაზარეს თავისუფლებისთვის!“ – დღეს, 8 საათზე პარლამენტთან აქცია  გაიმართება.


მარტის აქციებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ბრალდებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს ღამით დააკავა. 31 მარტს მას არკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 1 მაისს იწყება.