გრიგორიადისის თქმით, განაჩენის შემდეგ ოჯახი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს

პუბლიკა

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ამბობს, რომ განაჩენის შემდეგ მისი ოჯახი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს.

გრიგორიადისი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ის „არაფერს ნანობს“. ასევე, აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქმედებებსა და მისწრაფებებში ეჭვი არ ეპარება.

„ჩემი ოჯახის წევრები აპირებენ, რომ მიმართონ ქალბატონ სალომეს ჩემს შეწყალებაზე. ჩემი თხოვნა აღარ სჭირდება. მე დაახლოებით ვხვდები, როგორი პიროვნებაცაა ჩვენი პრეზიდენტი. ასე რომ, ვფიქრობ, შეხსენებები, შეწუხება არ სჭირდება. თუ შემიწყალებს, პირისპირ გავესაუბრებოდი დიდი სიამოვნებით, საერთო მიზნები გვამოძრავებს ხელისუფლებისგან განსხვავებით.

მე ეჭვი არ მეპარება მის ქმედებებში და მისწრაფებებში. ვხედავ და საზოგადოებაც ხედავს ყველაფერს, რასაც ის აკეთებს ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მისი გადასაწყვეტია შემიწყალებს თუ არა, ჩემ შეხედულებებს შეწყალების ფაქტორი არანაირად არ ცვლის“, – აცხადებს გრიგორიადიასი.

ლაზარე გრიგორიადისის თქმით, მარტის აქციებზე ევროპულ კურსს იცავდა.

„რუსული კანონის გაპროტესტების დროს, ჩვენ არამარტო კანონს ვაპროტესტებდით, არამედ, ვიცავდით ჩვენ ევროპულ კურსს. ასევე, მოგვიწია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა იმის შემდეგაც, რაც მათ სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყეს აქციის დაშლა. აქაც განვმეორდები, არაფერს ვნანობ“, – აცხადებს ბრალდებული.


ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტში, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.

22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.

ლაზარე გრიგორიადისის საქმე დასკვნით ეტაპზეა. განაჩენი 17 ნოემბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, როგორც საქალაქო სასამართლოში „პუბლიკას“ უთხრეს, პროცესი დეკემბრამდე გადაიდო. ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.