შსს: პოლიციელებმა პრეზიდენტს მიმართეს, თავი შეიკავოს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან 

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.

უწყების ცნობით, „მიმართვის ავტორები არიან ის სამართალდამცველები, რომლებმაც 2023 წლის 7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღეს, მათ შორის ცეცხლის წაკიდებით”.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს.

დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება.

შსს-ის ცნობით, სამართალდამცველები მიუთითებენ, რომ შესაძლოა,შეწყალება ეხებოდეს ლაზარე გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ფაქტს.

თუმცა, მიიჩნევენ, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, არამედ იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ფაქტების მიმართ არის ლოიალური.

აღნიშნული ქმედება ეჭვქვეშ დააყენებს ასეთი კატეგორიის დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეულ ძალისხმევას.

შსს წერს, რომ პოლიციელები მიმართვის ერთ-ერთ საფუძვლად ასახელებენ იმ გარემოებასაც, რომ 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტმა 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელსაც სასამართლოს მიერ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და საპატიმრო დაწესებულება 5 წელიწადში დატოვა.


ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის 7-9 მარტს, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.