გთხოვთ, მოუწოდოთ შსს-ს, ღირსების მარშის ჩატარება უზრუნველყონ ღირსეულად - კორძაია ომბუდსმენს

პუბლიკა

დეპუტატი თამარ კორძაია სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოუწოდებს, რომ გააკეთოს განცხადება და მოუწოდებს შსს-ს და ყველა შესაბამისს უწყებას, რომ ღირსების მარში ჩატარდეს ღირსეულად და ყოველგვარი ძალადობის გარეშე.

„გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ არ უნდა დართონ ნება ღირსების მარშის ჩატარებასთან დაკავშირებით – ეს ერთია, რომ პარლამენტის წევრს და წამყვანი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს არ ესმის, რას მოითხოვს კონსტიტუცია, მაგრამ მე მინდა გთხოვოთ, გააჟღეროთ მოწოდება, რომ შსს-მ და ყველა უწყებამ, მათ შორის, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გააცნობიეროს, რომ ღირსების მარშის ჩატარება უნდა უზრუნველყონ ღირსეულად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე და მოძალადეებს მიუჩინონ ადგილი”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ამის შესახებ მან ადამიანის უფლებათა კომიტეტზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენენ.

„მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და  მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „tv პირველის“ ეთერში შეკითხვის პასუხად, თუ რა პოზიცია აქვს მას პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით.

Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშის გამართვას გეგმავს.