გუდაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს

პუბლიკა

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს.

ინფორმაციას ადასტურებს ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზიშვილი. ის წერს, რომ ბრალდებული შემთხვევის დროს თავს იცავდა.

გორის რაიონულ სასამართლოში მსჯელობა გუშინ, 16 დეკემბერს დაიწყო. პირველ ჯერზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტის გამოტანა ვერ შეძლეს, განმეორებით კენჭისყაზე კი მათ გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

2020 წლის 16 თებერვალს გუდაურში მომხდარი შემთხვევის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს და ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, მოგვიანებით კი – ადვოკატის თქმით – ცემის მუხლიც.

გამოძიების თავდაპირველი ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 ადამიანს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.