გუკა რჩეულიშვილზე ძებნა გამოცხადდა - პროკურატურა

პუბლიკა

მთავარი პროკურატურა „ცენტრ პოინტის” ერთ-ერთ დამფუძნებელ გუკა რჩეულიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მას დაუსწრებლად შეეფარდა.

პროკურატურის განცხადებით, რჩეულიშვილი არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და თავს არიდებს გამოძიებას. შესაბამისად, მასზე პროკურორის დადგენილებით გამოცხადდა ძებნა.

განცხადებაში აღნიშნულია, რრომ გუკა რჩეულიშვილს 25 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერით 30 დღით აეკრძალა მეუღლესთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, რჩეულიშვილმა 8 მარტს ღამის საათებში მეუღლეს ადგილსამყოფელის დადგენისა და შეხვედრის ორგანიზების მიზნით, მოკლეტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, რითაც  დაარღვია შემაკავებელი  ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

უწყება განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაბარებულმა რჩეულიშვილმა 11 მარტს, პოლიციის განყოფილებაში „მოთეთრო ფერის ქაღალდში შეხვეული, ასევე თეთრი ფერის ფხვიერი მასა წარადგინა, რომელიც მისი განმარტებით იყო ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და რომლის  ნაწილიც მან  მოიხმარა”.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით (260-ე მუხლის პირველი ნაწილით) დაიწყო. სამართალდამცველებმა რჩეულიშვილისგან წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ნივთიერება ამოიღეს, ხოლო მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთჯერადი მოხმარების ე.წ. „ინსულინის“ შპრიცი მასში არსებული მოთეთრო ლაქით. ამოღებულ ნივთებზე დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა.

რჩეულიშვილის ნარკოლოგიური კვლევის შედეგად  ნარკოტიკული საშუალებების – „კოკაინის“, „ტეტრაჰიდროკანაბინიოლისა“ და „ტრამადოლის“ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა”, – წერია განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.