გულ-ფილტვის უკმარისობით გარდაიცვალა - რას ამბობენ ჩაფიძის კლინიკაში „მედკაპიტალის“ექიმზე

პუბლიკა

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკა „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალების შესახებ შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს. ექიმი აცრიდან ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პირველადი მოკვლევით, კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

თამაზ მაღლაკელიძემ, ჩაფიძის კლინიკის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „რუსთავი 2-თან“ საუბრისას განაცხადა, რომ ექიმი გულ-ფილტვის უკმარისობით გარდაიცვალა.

„ჰქონდა სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა, ჟანგბადდამოკიდებული იყო, მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა, ჰქონდა გულის უკმარისობა, კარდიალური ასთმა და გულ-ფილტვის უკმარისობით გარდაიცვალა ეს პაციენტი… ვაცინა ჰქონდა გაკეთებული. შეიძლება, ორი კვირის წინ ისეთი დამძიმებული არ იყო და უბრალოდ დამძიმდა პერიოდი, დაავადება მიმდინარეობს ტალღისებურად“.

ზაზა ჯაფარიძე, „მედკაპიტალის“ კლინიკის დორექტორი, „რუსთავი 2-თან“ საუბრისას აცხადებს, რომ „მედკაპიტალის“ ექიმმა ვაცინა 16 მარტს გაიკეთა, მომდევნო 8 დღის განმავლობაში კი ჩვეულებრივად მუშაობდა და იღებდა პაციენტებს.

„8 დღე ჩვეულებრივად იარა სამსახურში. პაციენტებს იღებდა. დატვირთული იყო. მოთხოვნადი ექიმი იყო და საერთოდ არაფერი პრობლემა არ ჰქონია. თავიდათავი ის არის, რომ, ზოგადად, ქრონიკული პაციენტი იყო და ხშირად უწევდა ბიულეტენზე გასვლა“, – ამბობს ჯაფარიძე.