„გულისტანის" საქმეზე იძულებითი აღსრულების ნებართვა გაიცა - პროფკავშირი

პუბლიკა

„გულისტანის“ საქმეზე მედიაციის შედეგად გაფორმებული შეთანხმების შეუსრულებლობის გამო, სასამართლომ სააღსრულებლო ფურცელი გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

პროფკავშირების ცნობით, 2021 წლის 4 მაისიდან 12 ივნისამდე შპს „გურია-ექსპრესის“ ე.წ. „გულისტანის“ ხორბლის გადამამუშავებელი ქარხნის მუშებმა სამუშაოს შესრულებაზე საწარმოში არსებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში მდგომარეობის გამო უარი თქვეს, რაც 2023 წლის 31 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია და უკანონო გაფიცვად არ ცნო.

პროფკავშირების ინფორმაციით, გაფიცვისა და სასამართლო დავის პარალელურად, მხარეთა შორის კოლექტიური შრომითი დავის სამი მედიაცია შედგა და ბოლო მედიაციის შემდეგ, პროფესიულ კავშირსა და შპს „გურია-ექსპრესს“ შორის ხელი მოეწერა სამედიაციო შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, მხარეებმა აიღეს ვალდებულებები, თუმცა, მათი ნაწილი შპს „გურია-ექსპრესმა“ არ შეასრულა.

„2020 წლის 29 სექტემბერს შრომის კანონმდებლობის რეფორმის შედეგად შესაძლებელი გახდა, კოლექტიური შრომითი დავის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაზე სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა. ეს ნიშნავს, რომ თუ შეთანხმების რომელიმე მხარე ნებაყოფლობით არ ასრულებს პირობებს, დაიწყება იძულებითი აღსრულება.

საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების შემდეგ პირველად ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროფკავშირის მიმართვა და შპს „გურია-ექსპრესის“ წინააღმდეგ კოლექტიური შრომითი დავის მედიაციის შედეგად გაფორმებული შეთანხმების იძულებით აღსასრულებლად გასცა სააღსრულებო ფურცელი“, – წერია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაერთიანებული პროფკავშირების ცნობით, პროფკავშირს „გურია-ექსპრესის” მიერ შეთანხმების შეუსრულებლობის გამო, კომპანიის დაჯარიმების მოთხოვნით, საჩივრით აქვს მიმართული შრომის ინსპექციის სამსახურისთვისაც.

პროფკავშირები ავრცელებს ინფორმაციას, რა პუნქტები არ შეასრულა შპს „გურია-ექსპრესმა“.

  • მე-5 პუნქტი: „დამსაქმებელი თანახმაა, გააუქმოს სამუშაო სივრცეში ვიდეო სათვალთვალო კამერებით აუდიო მონიტორინგის ფუნქცია, მანამდე არსებული ჩანაწერები კი გაანადგუროს ამ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 1 თვის ვადაში. განადგურების დამადასტურებელი ცნობა კი განადგურებიდან 1 კვირის ვადაში გაუგზავნოს პროფკავშირს“.

ასეთი ცნობა დღემდე არ არის მოწოდებული პროფკავშირისთვის;

  • მე-6 პუნქტი: „დამსაქმებელი თანახმაა, ამ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 2 კვირის ვადაში პროფკავშირთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშაოს ალკოჰოლური და ნარკოლოგიური სიმთვრალის მდგომარეობის გამოვლენის წესი. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ პროფკავშირი გაუგზავნის დამსაქმებელს წესის პროექტს, დამსაქმებელი გადაამუშავებს პროექტს და არსებობის შემთხვევაში დაუბრუნებს პროფკავშირს შენიშვნებით. ხოლო, შენიშვნების არარსებობის შემთხვევაში ან საბოლოო ვარიანტზე შეთანხმების შემდეგ, დამსაქმებელი წესს დაამტკიცებს დირექტორის ბრძანებით და 2 კვირის ვადაში გააცნობს დასაქმებულებს გაცნობაზე ხელმოწერის დაფიქსირებით“.

მიუხედავად დამატებითი კომუნიკაციისა, შპს გურიაექსპრესს არც პასუხი დაუბრუნებია პროფკავშირის მიერ შეთავაზებულ პროექტზე და არც უცნობებია, შეიმუშავა თუ არა რაიმე;

  • მე-7 პუნქტი: „დამსაქმებელი თანახმაა, რომ ამ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 6 თვის ვადაში დაასრულებს სამზარეულო, სასადილო, საშხაპე და საპირფარეშო სივრცის აშენებასა და აუცილებელი ინვენტარით (საკვების მოსამზადებლად საჭირო გაზქურა, მაცივარი) აღჭურვას, რაც, მათ შორის, მოიცავს ამ სივრცეების ცივი-ცხელი წყლითა და გათბობა-გაგრილების სისტემით უზრუნველყოფას“.

არც ეს ვალდებულება არის შესრულებული.

  • მე-11 პუნქტი: „დამსაქმებელი თანახმაა, რომ დასაქმებულები უზრუნველყოფს ზამთრისა და ზაფხულის ყოველ სეზონზე სპეც. ტანსაცმლითა და სპეც. ფეხსაცმლით. საწყის ეტაპზე ეს ვალდებულება შესრულებული იქნება ამ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 2 თვის ვადაში. ზაფხულის სეზონი მოიცავს გაზაფხულისა და ზაფხულის თვეებს, ზამთრის სეზონი კი – შემოდგომისა და ზამთრის თვეებს”.

შეთანხმებაზე ხელმოწერიდან მალევე გადაეცათ დასაქმებულებს ზამთრის სეზონის სპეც. ტანსაცმელი, მაგრამ ზაფხულის სეზონის დღემდე არ მიუღიათ. გასული ზაფხულის სეზონზე დასაქმებულებს ეცვათ გასულ წელს გადაცემული მაისურები.