გულზე შემოგეყრებათ, ისეა შესრულებული – კალაძე მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე

პუბლიკა

„გულზე შემოგეყრებათ, ისეა სამუშაოები შესრულებული, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში“, – თბილისის მერი, კახა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამგვარად შესრულებულ პროექტს თბილისის მერია არ ჩაიბარებს.

„დაიბარეთ კომპანია დღესვე და საგზაო სამუშაოები განახორციელოს თავიდან. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროექტის მიღება-ჩაბარება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი ლაბორატორიის თანამშრომლებმაც აღნიშნეს, რომ ძალიან უხარისხოდაა ყველაფერი გაკეთებული. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ დღესვე დაიბარეთ კომპანია და თავისივე ხარჯით გამოასწორებინეთ ყველაფერი. ააფრეზინეთ ის, რაც დააგეს და თავიდან გააკეთონ ნორმალური საფარი. დაექვემდებარონ იმ სტანდარტებს და მოთხოვნებს, რომელიც დედაქალაქის მერიის მხრიდან არის“,  – განაცხადა კახა კალაძემ.