გუმათჰესთან შეხლა-შემოხლისას 4 პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

გუმათჰესთან, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები არიან, პოლიციამ დღეს 4 პირი დააკავა. როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

გუმათში შეხლა-შემოხლა პოლიციასთან დაახლოებით ერთი საათის წინ იყო.

„აგრესიის გამოხატვაა ეგაც [რკინის ჯებირებზე ბრახუნი]. და ისროლეს ბოთლებიც. ამოიღეთ კადრები და ნახავთ, ბოთლები გვესროლეს”, – ამბობდა ჟურნალისტებთან საუბრისას პოლიციის წარმომადგენელი.

ჟურნალისტებთან საუბრისას აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განმარტა, რას მოჰყვა ადგილზე ინციდენტი და ის პროვოკაციად შეაფასა.

„მათ ჰყავთ საკმაოდ მრავლად პროვოკატორები, მათ შორის ჩვენს სივრცეშიც ჩანერგილი. ერთ-ერთმა პროვოკატორმა ისროლა ბოთლი პოლიციის მისამართით და ამას მოჰყვა უკვე პირდაპირ დაპირისპირება. ანუ ყველა მიმართულებით ცდილობენ, მოხდეს აქ დაძაბულობა და შეტაკება ჩვენსა და პოლიციას შორის და ამით გააშავონ ჩვენი მოძრაობა, გაამარგინალონ ჩვენი მოძრაობა და დაგვაბრალონ ისეთი რამ, რაც ჩვენი პირდაპირ გაცხადებული, ასე ვთქვათ, პოზიციით გამოხატული გვაქვს აქამდე, რომ არ ვიქცევით ძალადობრივი გზებით არ მივდივართ, არ ვარღვევთ კანონს, პირიქით, მოვუწოდებთ ხელისუფლებასაც, რომ თვითონ მოექცეს კანონის ფარგლებში”, – განაცხადა გოლეთიანმა.

ამის შემდეგ, გოლეთიანმა ასევე მოუწოდა გუმათთან შეკრებილ მხარდამჭერებს, დააკვირდნენ ადგილზე მყოფ ადამიანებს და ვინც ძალადობით გამოირჩევა პოლიციის მისამართით, გაუშვან აქციიდან.

„გთხოვთ, დავაკვირდეთ ჩვენს შორის, ვინც ძალადობით გამოირჩევა პოლიციის მისამართით, ავტომატურად პროვოკატორად ჩაითვალოს და გავუშვათ აქციიდან. ამიტომ დავაკვირდეთ ერთმანეთს. ახლა პოლიცია ცდილობს, რომ ამ ნიშნით დავუპირისპირდეთ. თვითონ ჰყავთ აქ შემოგზავნილი ხალხი, როგორც წეღან მოხდა, რომ ბოთლს, სიგარეტის ნამწვავებს და ა.შ ისვრიან პოლიციის მისამართით. ეს არის მიუღებელი ქმედება. ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ და ჩკანონის ფარგლებში გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს. ამიტომ გთხოვთ, ყურადღება მივაქციოთ ერთმანეთს, რომ არ მოხდეს გადაცდომა ჩვენი მხრიდან. ეს მნიშვნელოვანია და გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ…”, – განაცხადა მან.


11 აპრილიდან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათჰესთან არიან შეკრებილი. ისინი მოითხოვენ, რომ პოლიციამ მათ სოფელ ნამოხვანში გადაადგილების საშუალება მისცეს. პოლიციამ დღეს, 14 აპრილს ადგილზე რკინის ღობეც აღმართა და პროტესტის მონაწილეებს ხეობაში არ უშვებს. მათი თქმით, „უსაფრთხოების მიზნით“, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება.