გუმათში აქტივისტებმა ბარიკადებს მიღმა გადასვლა უშედეგოდ სცადეს | ადგილზე ხმაურია

პუბლიკა

სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, ხმაურია.

„რიონის ხეობის მცველებმა“ ნამოხვანში გადასვლა ამჯერად ტყის ბილიკით სცადეს. როგორც ერთ-ერთი აქტივისტი „პუბლიკას“ ეუბნება, ბარიკადებს ტყით იმიტომ მოუარეს, რომ დაეფიქსირებინათ, რომ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების უფლება აქვთ.

„ჩვენ შიშველი ხელებით, ხელებაწეული მივდიოდით ნამოხვანისკენ, იქ, სადაც პირველი კარვები გვქონდა გაშლილი. იქაც დაგვიდგნენ წინ და არ მოგვცენ საშუალება, გადავსულიყავით ნამოხვანში. ფეხით მივდიოდით, გადაგვიკეტეს გზა საპოლიციო ძალებმა და ჩამოგვიყვანეს უკან ისევ“, – აცხადებს ის.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ბარიკადების გზის ავლით ნამოხვანში შესვლას იქამდე შეეცდებიან, სანამ ბარიკადებს ხეობიდან არ აიღებენ. მისი თქმით, დაახლოებით, 50-მდე ადამიანმა სცადა გადასვლა და პოლიციამ ყველა მოაბრუნა.

„ხელისუფლებისთვის ამ ბარიკადს იქით გადასვლა სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. დაზიანებით იქ გადასვლით ვერაფერს დავაზიანებთ, მოტივაცია ამის არც გვაქვს. ერთი ბანაკი უშუალოდ არის კომპანია „ენკას“ ბაზასთან და ვინმეს რომ სადმე შეჭრა უნდოდეს, პირველ რიგში, იქ შეიჭრებოდა ეს ხალხი. ეს გზა არის ჩვენი სახლებისკენ მიმავალი და არავის აქვს უფლება, ჩვენი სახლებისკენ გზა გადაგვიკეტოს.

გამორიცხულია დავნებდეთ, იქამდე ვირბენთ ტყეში, სანამ არ მივაღწევთ, რომ ბარიკადები აიღონ“, – განაცხადა „პუბლიკასთან“ საუბარში ვარლამ გოლეთიანმა.

ვითარება ადგილზე დროგამოშვებით იძაბება. დემონსტრანტები რკინის ჯებირებს მიღმა გადასვლას პოლიციის კორდონზე გადასვლით ცდილობენ. ისინი ასევე აგრძელებენ რკინის ჯებირებზე ბრახუნსა და ხმაურს.