გუმათში დაკავებულებიდან 3-ს სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა, 7-ის პროცესი გადაიდო

პუბლიკა

13 აპრილს სოფელ გუმათში დაკავებული აქციის 6 მონაწილიდან, სამს სასამართლომ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა და დარბაზიდან გაათავისუფლა. რაც შეეხება დანარჩენ სამს, მათ შესახებ გადაწყვეტილებას მოსამართლე ხვალ გამოაცხადებს, – ამის შესახებ „პუბლიკას” საიაში განუცხადეს. ორგანიზაცია დაკავებულების ინტერესებს იცავდა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, 3 პირი, რომლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი, ამ ეტაპზე გათავისუფლებულები არიან, ვინაიდან გასულია კანონმდებლობით გათვალისწინებული დაკავების ვადა.

ერთ-ერთი დაკავებული თემურ გოდოლაძე, რომელსაც სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა, ჟურნალისტებთან საუბრისას მისი დაკავების დეტალებზე საუბრობს:

„დამაკავეს, მაგრამ რისთვის დამაკავეს თავადაც არ იციან, იმიტომ, რომ ვიდექი, არ მიმიყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, არ მიმიყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა. მეუბნებოდნენ გადადიო და გადასასვლელი გზა არ დამიტოვეს. მომიტაცეს. სასამართლო ადეკვატურად მოქმედებს, გაითვალისწინა ყველაფერი და სიტყვიერი გაფრთხილება გამომიცხადა“, – განაცხადა თემურ გოდოლაძე.

რაც შეეხება დღეს, გუმათჰესთან დაკავებულ 4 პირს, როგორც „პუბლიკას” სასამართლოში განუცხადეს, მათ შესახებ გადაწყვეტილებაც ხვალ გახდება ცნობილი.


გუშინ სოფელ გუმათში საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 6 პირი დააკავეს.

დაკავებები სოფელ გუმათში, პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლას მოჰყვა.  ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-ს ერთ-ერთ ბაზასთან შეიკრიბნენ, გზა გადაკეტეს და კომპანიის მანქანებს არ ატარებდნენ. ისინი მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას უშვებდნენ.

როგორც აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი გუშინ აცხადებდა, აქციის მონაწილეები, მშვიდობის ნიშნად კომპანიის მანქანებს ხელებაწეულნი დახვდნენ, რასაც, მისი თქმით, „პოლიციის მხრიდან მოჰყვა აგრესია და დაიწყეს დარბევა“. 

შსს-ს ცნობით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის.