გუმათში პოლიციასა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს შორის შეხლა-შემოხლაა

პუბლიკა

პოლიციასა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებს შორის სოფელ გუმათთან შეხლა-შემოხლაა.

აქციის მონაწილეებს სურთ, რომ სოფელ ნამოხვანში წავიდნენ და აქცია იქ გამართონ. პოლიცია კი მათ ამის საშუალებას არ აძლევს. სამართალდამცველებს გზა რკინის ჯებირებით აქვთ გადაკეტილი.

„მოგიწოდებთ არ ავყვეთ პროვოკაციებს. ჩვენი მიზანია, რომ მოგვეცეს მშვიდობიანად პროტესტის გაგრძელებისა და იმ სივრცეში ყოფნის უფლება, რომელშიც ჩვენ ვიყავით მთელი თვეების განმავლობაში. მოვუწოდოთ ახლა პოლიციას, რომ გადადგეს გვერდზე და მოგვცეს საშუალება ჩვენ, რომ ფეხით გავიაროთ საკუთარ მიწაზე. ნუ გვიქმნიან ბლოკპოსტებს”, – განაცხადა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.

გუშინ, 11 აპრილს პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები აიღო. უწყებაში განმარტეს, რომ მოსალოდნელი იყო წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კარვები გაეტანათ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები აცხადებენ, რომ კარვები მდინარესთან ახლოს არ არის. შესაბამისად შსს-ს განმარტება საბაბია იმისთვის, რომ პოლიციას კარვები აეღო. აქტივისტები, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები გუშინ სოფელ გუმათთან იმყოფებოდნენ. პოლიცია მათ სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევდა. ისინი მთელი ღამის განმავლობაში გუმათჰესთან გაშლილ კარვებში დარჩნენ. მათი მოთხოვნაა, რომ პოლიციამ მათ შეკრების შესაძლებლობა სოფელ ნამოხვანში მისცეს, ვინაიდან ეს ადგილი მათი პროტესტისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა.  პროტესტის ნიშნად ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა გუშინ გუმათთან ნამოხვანიდან ქუთაისისკენ საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ნამოხვანში აქციის გასამართავად ისინი სამართალდამცველებს ალტერნატიულ ლოკაციასაც სთავაზობენ. ამბობენ, რომ ეს ადგილი უსაფრთხო იქნება კარვების გასაშლელად. აქტივისტები მოითხოვენ, რომ პოლიციამ მათ სოფელში გადაადგილების საშუალება მისცეს.