გუნდი, რომელიც ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა, იტვირთოს ქვეყნის მართვა - ივანიშვილი

პუბლიკა

„მინდა დარწმუნებით ვთქვა, გუნდი რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

„ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით, პროგრესი თვალსაჩინოა პრაქტიკულად ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, არავინაა იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები აღარ არსებობს, ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება. რყევებით სავსე ეპოქაში საქართველომ ბოლო 8 წლის განმავლობაში შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავეთა რიგებში“,- განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, კრიზისის პერიოდში ხალხმა დაინახა, რომ ჰყავთ „მზრუნველი და ეფექტური ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ღირებულია“.

„ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგნურობით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის აეცილებინა კრიზისი, რაც სავსებით შესაძლებელი იყო და არა თუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისაგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა ხალხი, გვახსოვს როგორ გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი, ეს ის ტრავმაა,რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ხალხს.

სულ ახლახან, როდესაც კენჭი ეყრებოდა საკონსტიტუციო ცვილებებს, მათ უარი თქვეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე და ამით საკუთარ თავსაც კი აჯობეს, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი უბრალოდ ხავსს ეჭიდება, მათთვის მთავარია ძალაუფლება და რევანში“,- განაცხადა ივანიშვილმა.