გურიაში მამის მკვლელობის ბრალდებით 22 წლის ბიჭი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის სოფელ ნატანებში ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1999 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 21 იანვარს ოჯახური კონფლიქტის დროს მამას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი კაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა, ხოლო ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად – „ნაგანი“.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.